პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ოთხ კანდიდატს ხელახლა ეყარა კენჭი. მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა.
მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს, სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.
ვერც ერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც, მესამე ტური გაიმართება. კერძოდ, დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, ხუთი ხმა მიიღო რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკალაშვილს მხარი დაუჭირა ექვსმა დეპუტატმა, ლევან ნემსაძეს ხმა მისცა პარლამენტის 10-მა წევრმა, ხოლო ნინო ნიშნიანიძემ მიიღო 11 ხმა.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის წინ განმარტა, საკითხს ორ კვირაში დაუბრუნდებიან, მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით.