ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - კონკურენციის სააგენტო

12 მაისი 2023, 11:17 702 ნახვა

ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართულებით დაწყებული საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა. კერძოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, დამატებით გამოვლენილი და სააგენტოს მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ეს კა იმპექსის“ მოპასუხე მხარედ ჩართვა განხორციელდა.

შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სააგენტო ბაზრის მოკვლევას ხუთი ეკონომიკური აგენტის – სს „გეფას“, შპს „ავერსიფარმას“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „მერმისს“ და შპს „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 24 მარტს ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი