ნატოს შტაბ-ბინაში წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება. შეხვედრის ფარგლებში ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს შემაკავებელი ძალების განთავსების პროცესს და ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმებს განიხილავენ. მინისტრები ალიანსის სამხრეთ ნაწილისთვის ახალი რეგიონული ცენტრის გახსნაზე შეთანხმდებიან, რომელიც ბაზირებული იქნება ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის ცენტრში - ნეაპოლში. ეს ხელს შეუწყობს ინფორმაციის კოორდინირებას კრიზისულ ქვეყნებთან მიმართებაში და პასუხის გაცემას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სხვა გამოწვევებს. 16 თებერვალს თავდაცვის მინისტრები ნატოს სარდლობის სტრუქტურის მოდერნიზების ნაბიჯებსა და კიბერშეტევების საწინააღმდეგო ზომებს განიხილავენ. შედგება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან. მხარეები საქართველოში უსაფრთხოების სიტუაციას და მიმდინარე რეფორმებს შეაფასებენ.