თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც მთელი ღამე სამართალდამცველები მუშაობდნენ რეგისტრირებულია სასტუმრო, რომელიც რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გიორგი ვაშაძის ძმის, დავით ვაშაძის კუთვნილებაა. დავით ვაშაძე წილების 25% ფლობს.
ინფორმაცია თავად დავით ვაშაძემ დაადასტურა. მისი თქმით, მას კავშირი აქვს მხოლოდ საკუთარ სასტუმროსთან და გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით არ იცნობს.
„ჩემი ნაწილი ამ შენობაში არის მხოლოდ სასტუმრო. საერთოდ არანაირ გადაწყვეტილებაში არ ვარ ჩართული. შენობის 25 პროცენტი შენობაში არის ჩემი, მაგრამ ეს 25 პროცენტი არის მეორე სართულის სასტუმრო. მე, როგორც 25 პროცენტის მფლობელს, საერთოდ არ მაქვს არანაირი უფლება უძრავ ქონებაში გადაწყვეტილების მიღებაში, ხელშეკრულების გაფორმებაში.
„ქოლცენტრზე” არასდროს არაფერი არ მსმენია. ჩემი სასტუმრო რატომ უნდა იყოს დალუქული, რა კავშირშია. ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური", – განაცხადა დავით ვაშაძემ.
აღმაშენებლის გამზირის N75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული.
ამ წუთებისთვის აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.