კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდს არ ადასტურებს.
მისივე განმარტებით, იმ სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს.
"საშუალო მედპერსონალის და თავად მისი გადმოცემით დაკარგა წონასწორობა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობდა, მე მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა.
ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით, მიუხედავად არაერთი საუბრისა და და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება და ისევ მოაქვთ იგივე კალორაჟის შემცველი საკვები.
რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს" - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
კითხვაზე, გაავრცელებს თუ არა კლინიკა „ვივამედი“ ამ კადრებს, ზურაბ ჩხაიძემ განმარტა, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული.
„ჩაწერას პენიტენციური დაწესებულება აწარმოებს. გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს. კონსილიუმი ჩვენთან იკრიბება ყოველ დილით, პაციენტების განხილვაც ხდება და კონკრეტულთან ამ პაციენტთან დაკავშირებით უბრალოდ მოხდა მიმდინარე შედეგების განხილვა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.