პარლამენტმა 79 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ.
„პირი, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე უსრულდება 6 წელი უფლებამოსილია, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.
მომხსენებლის თქმით, ცვლილებების მიღება მშობელთა თხოვნისა და ფსიქოლოგებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა. ასევე, გათვალისწინებულია საერთაშორისო პრაქტიკა.
აღნიშნული ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს.
თამარ მახარაშვილის განმარტებით, განათლების სამინისტროს მიზანია მომავალში დააინიციროს ცვლილება, რომლის თანახმადაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრამდე შეუსრულდება 6 წელი.