მოვუწოდებ მშობლებს, სამუშაო მაგიდასთან გავაგრძელოთ ყველა პროცესი, რაც აუცილებელია მკურნალობის მეთოდების დასანერგად - ჯანდაცვის მინისტრი

01 მაისი 2023, 16:12 510 ნახვა

ჩვენ დღესაც მზად ვართ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა დავუფინანსოთ, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგანაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და „ვოზორიტიდთან“ მიმართებაში კითხვები, ამიტომ საბჭო მსჯელობს, რომ შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების ფორმატში მსჯელობა გრძელდება. აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს „კარი ღიაა“ და ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და ასევე, განხილვის პროცესში ჩაერთოს.

"ჩვენ არასდროს არავისთვის გვითქვამს უარი აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, არასდროს გაკეთებულა აქცენტი ბიუჯეტზე. არასდროს დაფიქსირებულა, რომ ბიუჯეტთან მიმართებით არის პრობლემა. ჩვენი სამინისტრო არც ერთი დღე არ შეჩერებულა, მუდმივი და უწყვეტი კომუნიკაცია აქვს რამდენიმე მხარესთან. არსებობს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, როგორც უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, ასევე პროტოკოლის. რამდენიმე დღის წინ თხოვნა იყო მშობლების მხრიდან, რომ ჩართულიყვნენ ამ ჯგუფში. რასაკვირველია უწყებათაშორისი საბჭო იშვიათ დაავადებებს შეეხება და ათობით იშვიათი დაავადება გვაქვს ქვეყანაში. მსჯელობა უწევთ სხვადასხვა დაავადებაზე. იმ ფორმატში, როცა ამ კონკრეტული იშვიათი დაავადების ირგვლივ იქნება მსჯელობა, რასაკვირველია, სამი მშობელი, რომლებიც წარმოგვიდგინეს, აუცილებლად იქნებიან მსჯელობის ფორმატში. ასევე, მზაობა გამოვთქვით, პროტოკოლის შექმნის ჯგუფში იყვნენ მშობლები. არანაირი შეფერხება, პრობლემა ჩვენი მხრიდან არ იქნება.

ძალიან რთულია, პროცესი, რაც დაწყებული გვაქვს პრობლემის მოსაგვარებლად, ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე გაგრძელდეს. მხარეები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ პროცესი  ასეთი პროტესტის ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს. სამინისტრო, დაინტერესებული მხარეები კონსტრუქციულ ფორმატში, კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო, მშობლებს, გავაგრძელოთ შეთანხმებები და ყველა პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის მეთოდების დასანერგად, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან ფორმატში, რომელი ფორმატის მეშვეობითაც ვცდილობთ, ამ იშვიათ დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოვაგვაროთ. რაც დღეს ხდება და გასული დღეების განმავლობაში ხდებოდა, თავადაც ხედავენ, რომ ამ საქმეს არანაირად არ წაადგება. სამინისტრო ყოველთვის მზად არის, მაქსიმალურად გახსნილი იყოს, ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და განხილვის პროცესში. ჩვენი კარი ღიაა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში