ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში - პრემიერი

24 აპრილი 2023, 14:20 612 ნახვა

300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორ პრემიერმა განმარტა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის 300 მილიონი ლარი გამოიყოფა. ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა ხშირად საქართველოში ვერ ხერხდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"მინდა, გაცნობოთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და ჩვენ დავიწყეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დაახლოებით 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, ჩვენი მოქალაქე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, მკურნალობს, მათთვის გამოყოფილია 10 მილიონი ლარი წელიწადში, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღეს სამწუხაროდ, ყველა ის პირობა არ არის შექმნილი, რომ სრულყოფილი და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიც არის თუნდაც პლოტონური თერაპია, დასხივება და ასე შემდეგ, რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, 10 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც არ აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო მოუწესრიგებელი და გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, გამოკვეთილი არის საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა.

 

აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის თუ ცხოვრების, მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს არის დაახლოებით 300 ბავშვი. საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო სახსრები, თანხები ამ მიზნით. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემი ინიციატივით, დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ ათასამდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა, არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა. ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი