„ბიბისი“ ჟურნალისტური გამოძიების მასალებს აქვეყნებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოცემამ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა.
ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. "ბიბისის" ცნობით, ჯგუფ „მილტონის“ კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირი იკვეთება. მათგან ოთხის სახელსა და გვარს კი, ერთ ფიგურანტთან - თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან მივყავართ.
„ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.
როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.
ნოემბერში „ბიბისის“ გადამღები ჯგუფი თან ახლდა გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც თბილისში სატელეფონო ცენტრებში ჩხრეკა ჩაატარეს.
„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევენ და ძარცვავენ. ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის "სოლო ქეფითალს"-ის ოფისებიდან.
ვრცელ საგამოძიებო მასალაში რამდენიმე სხვა ქართული გვარიც ფიგურირებს. საუბარია იმ პირებზე, რომელთაც დავით კეზერაშვილთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ესენია დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.
„ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ბენიმინი ოფშორული კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან.
„ბიბისი“ ცნობით, კეზერაშვილი დაუსწრებლად არის გასამართლებული ბიუჯეტიდან 5 მილიონი დოლარის გახარჯვაში. სასამართლო ვერდიქტის გამოქვეყნების დროს კეზერაშვილი ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ბიბისის“ გამოძიების ცნობით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილისა და ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მის სახელი ფიგურირებს როგორც ზოგიერთ კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტი მფლობელი. „ბიბისი“ ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.
"მილტონთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად უთხრა მედიას, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი "მიილტონ გრუპში" იყო ჩართული. კეზერაშვილი ხშირად ეწევა თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე "ლინკდინზე" მან გამოიყენა თავისი ანგარიში სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და “მილტონთან“ დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.
"ბიბისიმ" შეძლო ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს "მილტონ"-ის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელ-ფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ "მილტონ გრუფის" კომპანიები იყვნენ. მისი სარისკო კაპიტალის ფირმა “ინფინითი ვისი" ფლობდა ბრენდინგის და ვებ-დომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის. კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევში საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო ცენტრი, რომელიც ყიდის ,,ევერ ეფ ექს", ასევე ტექნიკური ფირმები, რომლებიც ეწეოდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას - ოფისები, სადაც პოლიციამ რეიდები ჩაატარა ნოემბერში.
ის, ასევე, ფლობს თბილისში ოფისს, სადაც ანალოგიური ტიპის პროცესები ხდებოდა. როდესაც BBC-მ შეისწავლა “მილტონის ჯგუფის“ ოთხი მნიშვნელოვანი ფიგურანტი, აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებით მათ ყველას მჭიდრო კავშირები ჰქონდათ კეზერაშვილთან.
კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია მილტონის ჯგუფურ თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.
BBC ლონდონში მდებარე კეზერაშვილის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეშიც მივიდა და მასთან საუბარი ითხოვა, მაგრამ გვითხრეს, რომ კომუნიკაცია ვერ შედგებოდა. მან BBC-ს თავისი ადვოკატების მეშვეობით განუცხადა და კატეგორიულად უარყო რაიმე მონაწილეობა “მილტონის ჯგუფთან“, ან რაიმე თაღლითობასთან. მან განაცხადა რომ ,,ევერ ეფექსი"იყო მისი გამოცდილებით შექმნილი კანონიერი ბიზნესი.
ბატონმა ჭელიძემ და ბატონმა გოგეშვილმა ასევე კატეგორიულად უარყვეს მედიის ბრალდებები და განაცხადეს, რომ ,,ევერ ეფექსი" იყო ლეგიტიმური, რეგულირებადი პლატფორმა. ბატონმა მგელაძემ ასევე უარყო ჩვენი ბრალდებები და გვითხრა, რომ მას არასოდეს ჰქონია ქოლცენტრი, რომელიც თაღლითურად ყიდის ინვესტიციებს და არ იცის "Milton Group"-ის შესახებ.
“ევერ ეფ ექსმა“ უარყო მედიის ბრალდებები და თქვა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და რეგულირებული პლატფორმა, სადაც რისკები სრულად იყო ახსნილი. მათ თქვეს, რომ მათ გამოიძიეს ბარი ბერნეტის საქმე და დაადგინეს, რომ ის იყო პასუხისმგებელი მის დანაკარგებზე.
გასულ წელს დიდ ბრიტანეთში თაღლითობამ 4 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების დანაშაული შეადგინა და ითვლება, რომ ონლაინ საინვესტიციო თაღლითების შემოსავალი წელიწადში ასობით მილიონი ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მაგრამ ბრიტანეთის პოლიცია განიცდის კრიტიკას მსხვერპლთა მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო“, - წერს "BBC"-ი.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების სახელით ცნობილია თაღლითური სქემა, რის მიხედვითაც გარკვეული პირები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, უფრო ზუსტად კი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.