ჩვენი მოლოდინია, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები, თუ არ არსებობს, ან არ არის საკმარისი, მაშინ გაუქმდეს ეს შეზღუდვა - შალვა პაპუაშვილი

07 აპრილი 2023, 16:28 615 ნახვა

როდესაც ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაული ბრალდება, აქ ფაქტები უნდა იყოს წარმოდგენილი, სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა იყოს დაცული და უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ორი აზრი არ არსებობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ, მოსამართლეების სანქცირების თემის კომენტირებისას.

„თუ მტკიცებულებები არ არსებობს, მაშინ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შემზღუდავი ზომა იქნება გაუქმებული. ჩვენი მოლოდინია და ეს იყო საგარეო უწყების წერილშიც, რომ ან წარმოდგენილი იყოს მტკიცებულებები, ან, თუ არ არსებობს, ან არ არის საკმარისი, მაშინ გაუქმდეს ეს შეზღუდვა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულებად ვერ მოვახსენიებინებთ. როდესაც ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაული ბრალდება, აქ ფაქტები უნდა იყოს წარმოდგენილი, სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა იყოს დაცული და უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ორი აზრი არ არსებობს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული შეიცავს სამი მოსამართლის დისკრედიტაციის საფრთხეს, ეს ასევე შესაძლოა, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული.

მისივე თქმით, პარტნიორისგან ასეთი ნაბიჯი ძალიან სამწუხაროა.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნული შეიცავს სამი მოსამართლის დისკრედიტაციის საფრთხეს, ეს ასევე შესაძლოა, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული. ჩვენ უკვე ვნახეთ გამოხმაურებები, როდესაც ოპოზიცია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკვე სასამართლოს მიმართ ნდობას. ეს იმ პირობებში, როდესაც კორუფციის მიმართულება იქნება თუ სასამართლოს ნდობის მიმართულება, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი რეიტინგებით, თუ კვლევების მიხედვით, თუკი შევადარებთ ევროპისა თუ სხვა მონაცემებს, საქართველოს სასამართლო არის ერთ-ერთი წამყვანია ნდობის მიმართულებით. 50%-ზე მეტი აქვს ნდობა საქართველოს სასამართლოს. კორუფციის მიმართულებით ახლა სადაც ვართ, იცით, ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ და ასე უაპელაციოდ, მტკიცებულებების წამოყენების ვალდებულებების გრძნობის გარეშე, მოსამართლეების მიმართ ასეთი ბრალდებების წაყენება, კიდევ ერთხელ, არ შეესაბამება იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სასამართლო საერთაშორისო შეფასებებით არის ერთ-ერთი წამყვანი.

„ჩვენ, ქართველებს გვაქვს ჩვენი სასამართლო, რომელმაც ჩვენ უნდა განგვსაჯოს. ამ ჩვენს სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეს უწოდეს კორუმპირებული და ჩვენ მოქალაქეებს არავინ გვაჩვენებს მტკიცებულებებს და გვეუბნებიან ნახეთ საჯარო წყაროები და გამოიცანით რის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო - პარტნიორები ასე არ იქცევიან.

ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ადამიანს ვერ დავარქმევთ კორუმპირებულს თუკი არ არსებობს მტკიცებულებები, ამის გარეშე ადამიანისთვის იარლიყის მიკვრა მიუღებელია ეს არის რასაც ვხედავდით ცოტა ხნის წინ, როდესაც ხდებოდა ადამიანის მოკვეთა და გარიყვა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი. ჩვენი მხრიდან ამ საუკეთესო პარტნიორობის კვალდაკვალ რა თქმა უნდა იმედგამაცრუებელია როდესაც პარტნიორის მხრიდან ასეთი ნაბიჯი იდგმევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში