რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას - ზურაბ აზარაშვილი

03 აპრილი 2023, 17:14 574 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხს დეტალურად განიხილავენ.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საუბრისას აღნიშნა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, დემონტაჟი განხორციელდება თუ რეაბილიტაცია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა.

„თვე-ნახევრის წინ ვთქვი, რომ პირველადი შეფასებით, პირველადი დასკვნებით, აუცილებელი იქნებოდა შენობის ნაწილის დემონტაჟი. როგორც მაშინ აღვნიშნე, ვმუშაობდით კონცეფციაზე, შესათავაზებელ პირობებზე; ყველა დასაქმებული სამედიცინო პერსონალიდან აუცილებლად იქნებოდა უზრუნველყოფილი სამსახურით ან გაგრძელდებოდა სახელფასო ანაზღაურების გადახდა. ამ კვირაში, პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც დეტალურად გავივლით შეთავაზების ყველა პირობას როგორც თანამშრომლებთან, ასევე დეტალურად გავივლით, ამ ეტაპზე რა ინფორმაცია გვაქვს კლინიკასთან დაკავშირებით, რა გზით მივდივართ. პროცესი არც თუ ისე ხანმოკლეა...

პარალელურად, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ტექნიკური, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით – რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია თუ ასე შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ მივიღებთ...

კლინიკა რომ უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა, მაღალტქენოლოგიური და ყველა სტანდარტების შესაბამისი, რა სტანდარტებსაც ჩვენ 2025 წლიდან საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას ვთხოვთ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მიღებულია და არ შეიცვლება. ახლა უკვე დეტალებია დასაზუსტებელი, როგორ მოხდება. სხვადასხვა ვადაში იქნება წარმოდგენილი დოკუმენტები. პარალელურად სწავლობს როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული კონსულტანტების ჯგუფი. ბოლო ორი თუ სამი წლის განმავლობაში ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად სწავლობდა აღნიშნულ კლინიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თავის შეთავაზებას ამზადებენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, დღეს უკვე გაგრძელებულია პროცესი და საბოლოო დასკვნა გვექნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი