ყველა იმ ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, რომელიც ბაზების გახსნის ვალდებულებას არ აკმაყოფილებს, დღეიდან სხვადასხვა სანქციას გამოვიყენებთ - ჯანდაცვის მინისტრი

03 აპრილი 2023, 17:07 513 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც 15 მარტიდან ამოქმედებული გადაწყვეტილების თანახმად, მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ.

"ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 3 ათასამდე აფთიაქი და ბაზარზე 7 ათასამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. 15 მარტიდან ძალაში შევიდა, რომ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ვალდებულება აქვს, სამინისტროს თავიანთი ბაზები გაუხსნან და ვხედავდეთ, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე. შესაბამისად, მექანიზმები, რაც შეიძლება ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან, ფასების ხელოვნურად გაზრდასთან, ან რეფერენტული ფასწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს, შევიმუშავეთ. კომპანიები ერთვებიან. 15 მარტის შემდეგ ყველანაირი გონივრული ვადა, მათ შორის გაფრთხილებისთვის, გასულია. შესაბამისად, ყველა იმ კომპანიის მიმართ, დღეის მდგომარეობით, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს, სხვადასხვა სანქციას დღეიდან აუცილებლად გამოვიყენებთ. უფრო მკაცრი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ კომპანიებმა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიებები დაწყებული გვქონდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყება ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირდაპირ მწარმოებლებთან აწარმოებს.

"ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, პირდაპირი რეკომენდაცია გვქონდა რეფერენტული ფასწარმოქმნისას, რომ ძვირადღირებულ მედიკამენტზე რეფერენტული ფასები არ დაწესდება, არ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისი რეკომენდაციით მოგვმართეს ჩვენ კონსულტანტებმა, საკონსულტაციო ჯგუფმა, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე მსოფლიო ბანკის დაქირავებულმა ექსპერტებმა. წავედით ძვირადღირებული მედიკამენტის პირდაპირი შესყიდვის გზით. გიდასტურებთ, რომ დაწყებული გვაქვს პირდაპირი შესყიდვის მოლაპარაკებები პირდაპირ მწარმოებლებთან. ერთ მხარეს იქნება მწარმოებელი კომპანია, მეორე მხარეს სამინისტრო და აქაც დამატებითი ფასდაკლების, შეღავათიანი ფასის პირობებში შევძლებთ იმას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს სრული წლის საჭიროება დავუფინანსოთ“,-განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იშვიათი დაავადებების საბჭომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, პრეპარატის "voxzogo" შესყიდვაზე სამინისტროს დადებითი რეკომენდაცია არ მისცა. მისივე თქმით, საბჭო თვლის, რომ მედიკამენტი არის ექსპერიმენტული, ის დაკავშირებულია სხვადასხვა გვერდით მოვლენებთან და არცერთ სხვა ქვეყანას სახელმწიფო დაფინანსებით აღნიშნული მედიკამენტის შეძენა დაწყებული არ აქვს.

"არაერთი შეხვედრა შედგა დაინტერესებულ მშობლებთან. ჩვენს სამინისტროში შექმნილია იშვიათი დაავადებების საბჭო, ეს არის უწყებათაშორისი საბჭო, სადაც ჩართულები არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე ბავშვთა ექიმები, ბიოეთიკის საბჭოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და ბევრი სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი. საბჭოს რამდენიმე განხილვა ჰქონდა, სიმართლე რომ გითხრათ ამ საბჭოს ბოლო განხილვას მე არ დავსწრებივარ, საბჭოზე დეტალურად სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები განხილული იქნა, სადაც აღნიშნული მედიკამენტის შესწავლა მოხდა. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პაციენტების უფლებების დაცვის ევროპულ საზოგადოებებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებთან, სადაც ეს განხილვები მიმდინარეობდა.

 

ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საბჭოს ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტროსთვის დადებითი რეკომენდაცია არ მოუცია. გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტი მათი შეფასებით არის ექსპერიმენტული, ის არის დაკავშირებული სხვადასხვა გვერდით მოვლენებთან და არცერთ სხვა ქვეყანას სახელმწიფო დაფინანსებით აღნიშნული მედიკამენტის შეძენა დაწყებული არ აქვს. კიდევ უფრო მეტიც, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და კიდევ ბევრ ქვეყნებს შესწავლის პროცესში განხილვა შეჩერებული აქვთ, იმიტომ, რომ ამ მედიკამენტზე ჩაითვალა, რომ ამ მედიკამენტის დაფინანსებაზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში