მომხმარებლის უფლებების მიმართულებით შემოსული 194 განცხადებიდან 109 საქმე დასრულებულია - კონკურენციის სააგენტო

03 აპრილი 2023, 10:58 881 ნახვა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, ექვს საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

"ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების ხუთი დარღვევის ფაქტი – 16 საქმეზე, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 4% და აჭარა 3%.

მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 57%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 58%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 21%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 9%, ხოლო სხვა დანარჩენი 49%.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 1%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 14%-ია.

ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან ორი წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი