საწვავის ფასი არის შემცირებული, დიალოგი გრძელდება იმპორტიორებთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფასი კიდევ უფრო შევამციროთ - პრემიერი

24 მარტი 2023, 17:35 650 ნახვა

ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება და შედეგი სახეზეა, რომ საწვავის ფასები არის შემცირებული. ორ ლარს ჩამოსცდა უკვე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

"ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სურსათის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, უკვე გაიაფდა მას შემდეგ, რაც დავაანონსე მთავრობაზე ჩვენი გეგმა, რომ ძალიან მალე პარლამენტს წარმოგიდგენთ ახალ კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, იმპორტიორსა და გამყიდველს შორის, საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას. დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და ასევე, ჩვენი ვარაუდით, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რაც ამ კანონს მივიღებთ და ახალ რეგულაციებს შემოვიტანთ. მთლიანობაში გვაქვს კონკრეტული ხედვები დევნილების სახლების მშენებლობა იქნება, თუ გაუმჯობესებული სერვისები იქნება, ყველა მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მიერ დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში საუკეთესო აეროპორტის მშენებლობის დაწყება და პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური პარკის მოწყობა იგეგმება. ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ოქტომბერში ანაკლიის პორტის მშენებლობას დაიწყებს.

"პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით - წელს მასშტაბური პროექტის მშენებლობას ვიწყებთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჰქვია. ჩვენი გათვლებით ოქტომბერში გვინდა დავიწყოთ მშენებლობა. ასევე ამბიცია გვაქვს, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელშიც, ჩვენი გათვლებით, 400-დან 500 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. ასევე, გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში შევქმნათ თანამედროვე აიტი ქალაქი, ტექნოლოგიური პარკი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი