ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხე არის შეთქმულება და ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა - პრემიერი

24 მარტი 2023, 12:58 679 ნახვა

ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხე დღეს არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

"იყო არაერთი მცდელობა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა - მეორე ფრონტი გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონმა დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღინიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის იმ გამოსვლის ძალიან მოკლე შინაარსი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გვარებს აღარ ჩამოგითვლით. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში.

 

ვანო მერაბიშვილის ბოლო გამონათქვამს შეგახსენებთ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ერთ-ერთ უკრაინულ არხზე თქვა, გამოვიდა რუსულ ენაზე და საუბრობდა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის სიტყვები, რომელიც მერაბიშვილმა თქვა საჯაროდ. ეს არის მტკიცებულებები და მე მხოლოდ ფაქტებს შეგახსენებთ.

 

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე.

"მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში, პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ, რომ ომი არ ჩერდება.

 

უკრაინის ომს აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, რეგიონზე მთლიანად, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი - 20% არის ოკუპირებული, 100 ათასზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის, საუბედუროდ ქალები, ბავშვები, დანგრეულია, მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა საჯარო, მათ შორის, კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ზარალი ექსპერტების დათვლით შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დღეს გადაქცეული პოლიგონად. ასევე გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონამდე უკრაინელმა მოქალაქემ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, რაც არის, რა თქმა უნდა, ურთულე გამოწვევა, ეს არის ტრაგედია და რა თქმა უნდა, ამ სიტუაცია სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა  არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის შენარჩუნება.

"ასევე  შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს. მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და ა.შ. ჩვენ გვესმოდა მოწოდებები პირდაპირ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის დრო, მათი თქმით, ამ რეჟიმის დამხობის, შეცვლის და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა. საბოლოო ჯამში,  მინდა გითხრათ, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის შენარჩუნება და რომ არ დავუშვათ რაიმე კონფრონტაცია და ომის გადმოტანა. ეს არის ჩვენი და ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა, მთავარი საზრუნავი. ამას, მადლობა ღმერთს, წარმატებით ვახერხებთ.

 

მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან საკუთარი უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვას და როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს, თუ რატომ ერიდებიან ისინი ესკალაციას პირდაპირ რუსეთთან, მათი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ რუსეთთან მათი პირდაპირი ესკალაცია და კონფრონტაცია გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, რადგან ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს. ჩვენი მთავარი ამოცანა, მათ შორის, თქვენიც, ოპოზიციის წარმომადგენლებო, უნდა იყოს ერთიანობის შენარჩუნება და ამ დიდი გამოწვევის წინაშე ერთობლივად გამკლავება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის გათვლებით საქართველოში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა. პრემიერის განცხადებით, რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩავარდა და ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს.

"მისი მიამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმას, როცა, გახსოვთ, უკვე დაწყებული იყო საუბრები და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გვქონდა პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი იყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში ან დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვით გადაიწია ე.წ. რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ვფიქრობ, არც ერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება და კითხვა აღარ დარჩება, რომ  სააკაშვილის შემოსვლის მიზანი იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღეს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი