შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში 1 457 526 პირია შეყვანილი, – ამის შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ. მისივე თქმით, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებებით შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც.
2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 65 პროცენტით და ჯამში 739 მლნ ლარი შეადგინა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.
აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი სრულად ამოქმედდება 2024 წლიდან.
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
"აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. მისი თქმით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. ასევე, მინისტრის განცხადებით, პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით.
"ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად - მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, 2022 წელს, პირველად, პროგნოზებთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.
"ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მის პირველად გეგმასთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა და მისი საბოლოო გეგმა 17 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენდა. საგადასახადო შემოსავლების საკასო შესრულებამ 17 მილიარდ 385 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გაზრდილი გეგმიური მაჩვენებლის 100.2 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მაჩვენებელმა ორი მილიარდ 265 მილიონ ლარს გადააჭარბა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, 23 მილიარდ 648 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.8 პროცენტია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.