საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ აშშ საელჩოს საკონსულოს და უსაფრთხოების ოფისთან თანამშრომლობით, გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ თითქოსდა იყო საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, დაზარალებულს დაჰპირდა ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზებით უზრუნველყოფას და გამგზავრებაში დახმარებას.
"ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, რომ გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა გაცვლითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, წლის განმავლობაში, შერჩეულ 5-6 ოჯახს აგზავნიდნენ ამერიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. მისი განმარტებით, გამგზავრებული ოჯახი სარგებლობდა პოლიტიკური სტატუსით, ბინადრობის და მუშაობის უფლებით,
უწყების ცნობით, აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 10 450 აშშ დოლარს.
დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოგმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება“, - აცხადებენ უწყებაში.