ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი მკაფიოა, უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის - მარინა კალიურანდი

15 მარტი 2023, 10:16 585 ნახვა

ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი მკაფიოა, უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას აქვს ორი გზავნილი ქართველი ხალხისადმი.

„პირველი, ჩვენ ევროპარლამენტში ვიცით და პატივს ვცემთ უფრო მჭიდრო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს. თქვენ იყავით ძალიან მკაფიოები და თანმიმდევრულები, როდესაც გამოხატავდით თქვენს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, მხარს გიჭერთ ევროპულ გზაზე; მეორე, ჩვენ არასდროს, გავიმეორებ, არასდროს ჩაგითრევთ რომელიმე ომში. გვახსოვს 2008 წლის ომი და ადამიანების დაკარგული სიცოცხლე.

 

ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი მკაფიოა – უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის. გახსოვდეთ, რომ დღეს უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან როგორც საკუთარი, ისე თქვენი მომავლისთვის. საქართველოს ოფიციალური პირების თავდასხმები ზელენსკიზე არის იმედგამაცრუებელი და მიუღებელი. შესაძლებლობების ფანჯარა მუდამ ღია არ იქნება. გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი თქვენგან ელოდება“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

პოლონელი  ევროპარლამენტარის განმარტებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ანჯეი ჰალიცკიმ  მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობა სააკაშვილის სამკურნალოდ მზად არის.

„ისტორია და გეოგრაფია ვერ იტანს ვაკუუმს. თქვენ ვერ იქნებით ევროკავშირსა და რუსეთს შორის, სადღაც შუაში. ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის. ისინი დგანან ევროკავშირთან. მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობას, მომავალი თქვენს ხელშია, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის მომავალსა და უსაფრთხოებაზე. უკან მოიტოვეთ რუსეთთან კავშირები, საქართველოს ადგილი ევროპაშია. თქვენს ხელშია თქვენი ქვეყნის მომავალი, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაც...

რატომ არ აძლევთ საშუალებას უცხოელ ექიმებს, უმკურნალონ სააკაშვილს? თქვენ ხართ პასუხისმგებლები ამაზე. თქვენ არ იქნებით ევროკავშირის პარტნიორები, თუ მას უცხოელი აგენტივით მოეპყრობით“, – განაცხადა ანჯეი ჰალიცკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი