საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო.
პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გუშინ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა.
„ მე არ დამიშავებია არაფერი ისეთი, რომ ვინმეს დარბაზიდან გავეძევებინე. გთხოვდით, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეები აჭარბებენ უფლებამოსილებას და თავი კაცი ჰგონიათ მაშინ, როცა პატარა უფლებას მიიღებენ. ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, არაკაცი და სადაც ვნახავ ყოველთვის ამას ვეტყვი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ხვიჩიას ამ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გამოეხმაურა და დეპუტატის ქცევას სამარცხვინო უწოდა.
„ჩვენი ქეყანა არის ოკუპირებული და ამ ოკუპაციის ფარგლებში ვიღაც ავლებს მავთულხლართებს, ვიღაც იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, ვიღაც ახორციელებს კიბერშეტევებს. დიახ, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპაციის საფრთხეების პირობებში დგას საფრთხის წინაშე, ასეთი ადამიანები გამოდიან მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ არ წავიდნენ ჯარში და ეს არის მიზანმიმართული დასუსტება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის.
სამხედროების შეურაცხყოფის გამო მოუხდა ამ ადამიანს გუშინ დარბაზის დატოვება. როგორც კი ამ ადამიანმა დატოვა დარბაზი, სხდომა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდა. ყველანაირი მცდელობა, რომელსაც ადგილი ექნება, სხდომის ჩაშლის, ჯარის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის, სამხედროების და თადვაცვის ძალების შეურაცხყოფის, არასოდეს არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, უყუროს კომიტეტის სხდომის ჩანაწერს, თუ რამე დანაშაული აქვს, მზად არის, მიიღოს გაფრთხილება.
ხმაურის მიზეზი სხდომაზე ისიც გახდა, რომ ოპოზიციის ნაწილი აგენტების შესახებ მომზადებული ამერიკული პროექტის ვარიანტთან ერთად, ალტერნატიული კანონპროექტის განხილვას ითხოვს.
ბიუროს სხდომა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.