„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა.
კანონპროქტები განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
კანონპროექტებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს
კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.
რამდენიმე კვირის წინ მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
მოგვიანებით, მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დააინიცირა კიდევ ერთი კანონპროექტი „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც, მათი განმარტებით, ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანია.