გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც აჯერებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მათ შეუწყდებათ დაფინანსება, ისინი დარჩებიან ხელფასების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოს ყველა დარწმუნდება, ამ პიარული ნარატივიდან, პიარული თავხედობიდან გამოვა ყველა და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი.
„ცალსახად, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ეს ცალსახა პროვოკაცია და ტყუილია. ბოლოს ყველა დარწმუნდება, ამ პიარული ნარატივიდან, პიარული თავხედობიდან გამოვა ყველა და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი. არც ერთი ბენეფიციარი ამით არ და ვერ დაზარალდება. ამის სრულ გარანტიას ვიძლევით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, შემდეგი კვირის ორშაბათს გაირკვევა.
"პრინციპულად იყო გახმოვანებული უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან, გახსოვთ ალბათ ეს ამბავი, პოზიცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური მიკერძოება უნდა ყოფილიყო გამომრიცხავი. მე რომ დავადასტურო, რომ უმრავლესობა ამაზე დათანხმდება, დღეს ვერ შევძლებ, თუმცა კიდევ ერთხელ, პირადად მე შემიძლია დავაფიქსირო მის მიმართ პატივისცემა, როგორც პატიოსანი, წესიერი ადამიანის და პროფესიონალის მიმართ. უნდა ავწონოთ ეს არგუმენტები, შევადაროთ. რას გადაწყვეტს უმრავლესობა, ამისი თქმის საშუალება მექნება უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მომდევნო კვირის ორშაბათ დღეს“, - აცხადებს მდინარაძე.