„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ აქციებს, მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს ჩვენმა მოქალაქეებმა უარი უთხრეს - პაპუაშვილი

17 თებერვალი 2023, 13:57 891 ნახვა

ვხედავთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა აქციები და ჩვენმა მოქალაქეებმა მათ დესტრუქციულ, რადიკალურ დღის წესრიგს უარი უთხრეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  საქართველოს მოქალაქეები ერთ რამეს ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე და საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ უარყოფითი განწყობების ჩამოყალიბებაზე.

"სხვის აქციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით აქციაც ჩაატაროს, დაორგანიზდეს და ა.შ. იქნება ეს ფიზიკური აქცია თუ ვირტუალური. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. აქ მთავარია ერთადერთი რამ, როგორია ამაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა აქციები და ჩვენმა მოქალაქეებმა მათ დესტრუქციულ, რადიკალურ დღის წესრიგს უარი უთხრეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ნებისმიერ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია, თავისთავად ნებისმიერი სახით გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და ჩაატაროს აქციები, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ შევხედოთ რა არის საქართველოს მოქალაქეების პასუხი ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ჩვენი მოქალაქეები ერთ რამეს ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე და საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა უარს ეუბნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების წინაშე როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება.

"ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა. პრინციპში, საკვირველია, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში, გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. რაც შეეხება მოსაზრებებს, რომელიც გვესმის, ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არ ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა, შესაძლებელია აქ იყო სენსიტიური თემები, მაგრამ სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ - მცდელობა, რომ ტაბუ დაედოს დისკუსიას, არადემოკრატიულია. კერძოდ, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ეს ჩემთვისაც არ არის ახალი თემა. ამის თაობაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს, საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ის ხალხი, ვინც მონაწილეობდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში