ვმუშაობთ ხუდონის ახალ პროექტზე, რათა მშენებლობისას სოფლის დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი, შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება შეიძლება, თითქმის იგივე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობა ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს.
„მოგეხსენებათ, რომ ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, რადგან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომ ისე აშენდეს, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება, იყოს. ამიტომ, თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სასიხარულო.
უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში, რადგან ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის მსხვილი პროექტები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ წელსვე დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა.