ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.
აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.
შეგახსნებთ, რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.