მთავარი სპორტში

27 იანვარი 2023, 19:41 749 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა სუპერლიგის მეორე წრის პირველ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისი ანგარიშით 75-71 დაამარცხა. ქუთაისის დარბაზში არსებული პრობლემის გამო ქუთაისმა დღევანდელ დაპირისპირებას ვერ უმასპინძლა. ამის გამო ეს მატჩი უნდა ჩატარებულიყო ნეიტრალურ სტადიონზე, მაგრამ გუნდების შეთანხმებით დღევანდელი შეხვედრა ბათუმში ჩატარდა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო მატჩი ლაშა მიქელაძეს ჰქონდა, რომელმაც მეტოქის ფარში 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ქუთაისელების მხრიდან საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი იყო 18 ქულით. ბათუმი 5 მოგებითა და 6 წაგებით სუპერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს, ქუთაისი კი 4 მოგებითა და 7 წაგებით მეშვიდე პოზიციაზეა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სპორტულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად უნივერსიტეტის სტიპენდიატები, ასევე სოციალურად დაუცველი სტუდენტები ცენტრის ბაზაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშს უსასყიდლოდ შეძლებენ. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სტუდენტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე სტუდენტთა ჩართვას იმ სპორტულ აქტივობებში, რომლებიც ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული.

თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში "შტურმს" დაუპირისპირდა და ფრედ - 2:2 ითამაშა. გეგუჩაძის გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ლუკა ქაფიანიძემ ანგარიში შეამცირა, ხოლო შემდეგ გიორგი კვერნაძემ გაიტანა. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის კვერნაძით "ნაპოლია" დაინტერესებული. ბათუმის "დინამომ" აქამდე ორი სპარინგი გამართა და ორივეში დამარცხდა - პოლონეთის "ვიძევთან" 2:4 და კოსოვოს "მალიშევასთან" 0:1.

პორტუგალიაში ძიუდოს გრან პრი მიმდინარეობს, სადაც სამი ქართველი იღებდა მონაწილეობას. აქედან ორი – გიორგი თუთაშვილი და იპოლიტე აქუბარდია ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. რაც შეეხება მესამე ქართველს, 19 წლის გიორგი სარდალაშვილს, მან ნიდერლანდელი და პორტუგალიელი ძიუდოისტების ძლევის შემდეგ, გამოცდილი უკრაინელი არტიომ ლესიუკი დამატებით დროში ულამაზესი გდებით დაამარცხა. სარდალაშვილი ფინალში გასასვლელად ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს შეხვდება.პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე გაიმართება.

ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა კარიერაში საუკეთესოდ შეასრულა და ჩემპიონატს ლიდერობს. საქართველოს წარმომადგენელმა ჯამში 69.81 ქულა მიიღო. ხვალ თავისუფალი ციგურაობის დღეა, რომელშიც 30 მონაწილიდან 24 გადავიდა. ანასტასიას ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვების კარგი, თანაც ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

იტალიაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. თავი მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილმა გამოიჩინა. მოკლე პროგრამაში სუპატაშვილმა 65.12 ქულა მიიღო, მან მე-5 შედეგი აჩვენა და ბუნებრივია, მათ შორის მოხვდა, რომელთაც ბრძოლა თავისუფალ ციგურაობაში გააგრძელეს. თავისუფალ პროგრამაში სუპატაშვილმა 123.88 ქულა დაიმსახურა, რაც ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგია. საბოლოოდ ორი დისციპლინის ჯამში ქართველი მოციგურავე 189.00 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ისრაელის წარმომადგენელ ნიკიტა შეიკოს ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატმა ცვლილება განიცადა – მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად A ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. ბორჯღალოსნები 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ 13 საათზე მასპინძლობენ, შემდეგ კი ორ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ – 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან საქართველოს დროით 16 საათსა და 15 წუთზე, 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან, ეს მატჩი 22 საათზე გაიმართება. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის – A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, B ჯგუფის გამარჯვებული კი – A ჯგუფის მეორეადგილოსანს. მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას. ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს გაიმართება.

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის კაცთა თანრიგის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი და ლეგენდარული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან, სტეფანოსმა თავისი მეტოქე კარენ ხაჩანოვი 4 სეტში ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ხოლო ნოვაკმა ამერიკელ ტომ პოლს მარტივად 3:0 მოუგო. ნოვაკისთვის ეს ფინალი ავსტრალიის ღია პირველობაზე მეათეა, წინა ცხრიდან ცხრავე მოიგო რაც რეკორდია, ახლა კი ეცდება თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს. ასევე მისთვის გრანდ სლემის ეს ფინალი გამორჩეულია, რადგან კიდევ ერთი რეკორდია, ეს რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნის, რომელსაც დიდი სლემის ტურნირები 22-ჯერ აქვს მოგებული. თუ ნოვაკი მომავალ ფინალში გაიმარჯვებს, მოგებული გრანდ სლემებით რაფას გაუთანაბრდება. ფინალი 29 იანვარს გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში