ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა.
„პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს, რაც 266 ექიმს დაეკისრა. საბჭოს გადაწყვეტილებით 70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, 6 მედიკოსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.
პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.