აღმოსავლეთ შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია. მიზეზი დავოსის ფორუმია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები და ცნობილი ბრენდების და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებიან.
52-წლიანი ისტორიის მქონე ფორუმის მონაწილეებს შორისაა ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და ამ საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი მწვავე ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისია.
განსაკუთრებული მოლოდინია იმ პანელის მიმართ, სადაც სამხრეთის დერეფნის პროექტს, ანუ საქართველოს გავლით ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიულ მარშრუტს განიხილავენ, სწორედ ამ დისკუსიაზე გამოვა სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი. პარალელურად საქართველოს პრემიერს ერთი კვირის განმავლობაში ექნება ორმხრივი შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ფორუმი რუსი პოლიტიკოსებისა და რუსი მილიარდერების გარეშე ჩაივლის.