სტიქია დასავლეთ საქართველოში

12 იანვარი 2023, 20:03 692 ნახვა

მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან საქართველოს ცალკეულ რეგიონში.  ძლიერი ქარის შედეგად სენაკში სამი მოქალაქე მძიმედ დაშავდა,  მათგან ორი, ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აქვთ. საშუალო სიმძიმის არის მესამე დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობას სენაკში გადის. ყველა მათგანი სამარშრუტო ტაქსის მგზავრია, რომელსაც მოგლეჯილი ხე დაეცა. ჯერ კიდევ ითვლიან  მუნიციპალიტეტში უამინდობისგან მიყენებულ ზარალს კომისიები სამეგრელოში, ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა.

სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. გურიასა და  იმერეთშიც  ხეებია  მოგლეჯილი   და ელექტროსადენები დაზიანებული. 

სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი ქარი ქვეყანაში დღეს და ხვალ შენარჩუნდება.

განცხადებას ავრცელებს საქართველოს რკინიგზაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები გამოიწვიოს. მათივე ცნობით, „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი