საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი იკითხება.
გასტროენტეროლოგის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კახექსია დაუდგინდა, რაც სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია.
„დიაგნოზებს შორის არის ჰიატუსის თიაქარი, ეროზიული გასტრიტი. პირველი, რაც ვნახე გამოკვლევები, გამოვიტანე დასკვნა, რომ ჰიატუსის თიაქარს აქვს ადგილი. ამის გარდა, ეროზიული გასტრიტი აღმოჩნდა. 13 მარტს ჩატარებული მანიპულაციის დროს, რაც მე შევისწავლე, კუჭზე ბიოფსია არ გაკეთებულა. ჩემი აზრით, ეს არის მზრუნველობის სტანდარტებიდან გადახვევა, რაც საჭირო იყო ამ ტიპის ვითარებისთვის. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რაც კლასიკური სიმპტომებია. ხელთ მაქვს დოკუმენტი 01-55, რომელიც ეხება სერიოზულ და განუკურნებელ დაავადებებს, რაცაა საფუძველი მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის. სააკაშვილს აქვს საფუძველი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ვგულისხმობ კახექსიას“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.
შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, – ჰქონდა თუ არა სააკაშვილს დაპატიმრებამდე რაიმე ოპერაცია გაკეთებული, კერძოდ, ბარიატრიული კუჭის ოპერაცია, – სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ რომელი დოკუმენტებიც განიხილა, იქ ამ ტიპის ოპერაცია არსად ნახსენები არ არის.
„დოკუმენტებში, რომლებიც განვიხილე, რომლებიც მივიღე ციხიდან თუ საავადმყოფოდან, ამ ტიპის ოპერაცია არსად არ არის ნახსენები“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.