ჩემით აზრით, სააკაშვილი მოწამლული იყო სხვადასხვა მეტალით, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი - ამერიკელი ტოქსიკოლოგი

29 დეკემბერი 2022, 13:40 762 ნახვა

ჩემი აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალით, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, – ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე დაკითხვისას განაცხადა. სასამართლო პროცესზე ის კალიფორნიიდან ონლაინ ერთვება.

მისივე განმარტებით, განიხილა სამედიცინო ჩანაწერების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ტესტების შედეგები თმების, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშების, გაფართოებული სამედიცინი ჩანაწერები და 170- გვერდიანი დასკვნა.

„ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული დროის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან. გამოყოფის პროცესში წამლავენ სხვადასხვა ორგანოს. ამის შედეგად, მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ადგილი, რაც დაზიანდა თავის ტვინში, იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი. მას აქვს პერიფერული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ, ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. მას საჭმლის მომნელებელ სისტემაში აქვს დაზიანება, რაც გასტრიტს იწვევს. ეს იწვევს მუდმივ დიარეას, შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას. მას აქვს დაზიანება ღვიძლსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა თირკმელი და გული. მძიმე მეტალებით მოწამვლა პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს. შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული“, – განაცხადა დევიდ სმიტმა.

კითხვაზე: ,,ციხეში იქნა ეს ადამიანი მოწამლული?“ დევიდ სმიტი პასუხობს:

„მას სიმპტომები ჰქონდა, როცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მე მივიჩნევ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი ექსპოზიცია, არამედ მოხდა მანამდე, ციხეში“.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მეტალები არ შეიძლება იყოს რომელიმე სამედიცინო მეთოდის მკურნალობის გამო მოხვედრილი ორგანიზმში.

კიდევ ერთ კითხვაზე, „პაციენტის მძიმე ავადმყოფობა მოიცავს თუ არა სხვადასხვა ხარისხით სერიოზული ინვალიდობის არსებობას, დაინვალიდების რისკს ან სიკვდილს“, – დევიდ სმიტმა უპასუხა – „დიახ“.

დევიდ სმიტის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ისეთ დაწესებულებაში ყოფნა, სადაც მძიმე მეტალებზე დეტოქსიკაცია მოხდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი