საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი. ქართული მარკა მიმოქცევაშია 2022 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.