რეფერენტული ფასების დაწესებით წამლები დამატებით 40%-ით გაიაფდება - პრემიერი

27 დეკემბერი 2022, 17:26 693 ნახვა

მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, მედიკამენტების ფასები 60-80%-ით შევამცირეთ,  რეფერენტული ფასების დაწესებით კი დამატებით 40%-ით გაიაფდება წამლები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მთავარია, მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს და ამ მიზნით, 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლა დასრულდება.

„ რეფერენტული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე, ეს დამატებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს, რაც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, ფასები, როგორც მოგახსენეთ, შემცირებულია 60-80%-ით, ჩვენი მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან ხელშესახები შედეგია. ასევე, ჩვენ დღეისთვის მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად ხდება. მხოლოდ გენერიკული დასახელებით არის ნებადართული და როგორც მოგახსენეთ, 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე უკვე დაწესდება რეფერენტული ფასები მომავალი წლიდან და შემდეგ ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს მოიცავს აღნიშნული რეფორმა.

ასევე, ჩვენთვის მთავარია, რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს. 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის, ანუ „ჯიემპის“ და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის, იგივე „ჯიდიპის“ სტანდარტზე გადასვლა დასრულდება. ასევე, უახლოეს მომავალში ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი ჯანდაცვა და ხარისხიანი მედიკამენტები. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მომავალ წელს ასევე 150 ამბულატორიის რეაბილიტაცია- მშენებლობა არის დაგეგმილი. ასევე, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ სერიოზულ რეფორმებს ვგეგმავთ. მინისტრმა ამის თაობაზე კონკრეტული ხედვა წარუდგინა საზოგადოებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი