ყოფილი თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

23 დეკემბერი 2022, 10:32 788 ნახვა

130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ შემდეგია:

კონსილიუმის წევრი ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, მათი ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდებოდა ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც პაციენტმა წონის თითქმის 30% დაკარგა.

სამწუხაროდ, განვითარდა კონსილიუმის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება – სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ- დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე.

კონსილიუმის წევრთა განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამოდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით.

„წონის კლების სიჩქარე ბოლო თვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კი კრიტიკული BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება) მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება,“ – ამბობენ კონსილიუმის წევრები. მათი შეფასებით, პაციენტი სასწრაფოდ გადასაყვანია სხვა ქვეყანაში, რადგან საქართველოში მისი მდგომარეობა გაუარესდა და თან ეს იმ ფონზე, როდესაც მისმა მკურნალმა ექიმებმა ყველაფერი სცადეს.

კონსილიუმის წევრები ასევე ამბობენ, რომ პასუხი უნდა გაეცეს ავტორიტეტული უცხოელი ექიმის მიერ დასმულ კითხვას პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების კვალის აღმოჩენის თაობაზე, რადგან მძიმე მეტალებით მოწამვლას ნამდვილად შეუძლია გამოიწვიოს ის სიმპტომები, რაც სააკაშვილს აქვს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები ასევე გამოაქვეყნა ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმაც დასკვნა ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.
„მისი მდგომარეობა საგანგაშოა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოეპყრნენ და აწამეს“, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ექიმმა ჯეიმს კობიმ. ” მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობას მიიღებს”, – განაცხადა ექიმმა კობიმ.

ამერიკელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა მის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი.
ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში, ერთი მხრივ, შემდგომი კვლევების ჩასატარებლად ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ადეკვატური დიაგნოსტირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, დეტოქსიკაციის პროცედურის შეძლებისდაგვარად მჭიდრო ვადებში ჩასატარებლად შესაბამისი პროფილის კლინიკაში სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ, რაც საქართველოს პირობებში შეუძლებელია.

„პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია“, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, შეერთებული შტატების წამყვანმა ტოქსიკოლოგმა დევიდ ე. სმიტმა. „ამ პრეპარატების მომაკვდინებელმა კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის, თეთრი ნივთიერების ატროფია პრეფრონტალურ კორსეტში, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მაკონტროლებელ ფუნქციაზე, და გაზარდა ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დაუყოვნებლივი დეტოქსიკაცია“, – დასძინა დოქტორ სმიტმა.

ამდენად, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება.

ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება.

პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა.

გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა.

და ბოლოს, დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენს მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის „პირად მტერს“, ციხეში წამებით მოკლავს?

შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას.

ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე. მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი