საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს.
მისივე თქმით, ვიზიტების მიზანია პარტნიორებთან საუბარი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გარშემო და იმის ჩვენება, თუ რას აკეთებს საქართველო ამ პუნქტების შესასრულებლად.
„ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ ახლა უკვე შეხვედრები გვექნება ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. ნიდერლანდებში შეხვედრები გვექნება პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე „ევროჯასტის“ პრეზიდენტთან. გარდა ამისა, საჯარო დისკუსია გვექნება პოლიტოლოგებთან ერთად.
ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან საუბარი ევროკავშირში საქართველოს წინსვლის კუთხით, ახსნა, რას ვაკეთებთ, რათა 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს. ასევე, ახსნა, რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება იყო, როდესაც ივნისში სტატუსი არ მოგვენიჭა. უკვე თანხმობა არის ყველასთან, რომ მართებული გადაწყვეტილება არ იყო, როდესაც საქართველოს სხვანაირად მოეპყრნენ, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას. ასევე, მხარდამჭერ სიტყვებს ვისმენთ პარტნიორებისგან.
მთავარია ერთი რამ, ჩვენ ჩვენი მხრივ, საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რათა 12 პუნქტი შესრულდეს. იცით, რომ უკვე მიღებულია რამდენიმე კანონი. წლის ბოლომდე გვექნება კიდევ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ. შემდეგ ჯერი ევროკავშირზე იქნება, რომ სამართლიანი შეფასება გააკეთოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.