შსს ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს - ალექსანდრე დარახველიძე

25 ნოემბერი 2022, 15:31 518 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტრო რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად - ამის შესახებ  ალექსანდრე დარახველიძემ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"წლიდან წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ პრევენციული ბერკეტის, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. ასევე, სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.

გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს გადამზადება ჩვენი თანამშრომლების, რომ თითოეული შემთხვევა არ დარჩეს ყურადღების მიღმა,  ძალადობის თითოეულ ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. მზად ვართ, მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება. პროგრესისა და მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ, ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი