15 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან

07 ნოემბერი 2022, 10:06 483 ნახვა

2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 15 წელი გავიდა. სახალხო პროტესტს წინ რიგი მოვლენები უძღოდა, რომლის გამოც 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა. თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან კი "სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.

პროტესტის მონაწილეები იმდროინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, დაშავდა ათობით ადამიანი.

მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედის" ოფისში შეიჭრა, სადაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ძალისმიერად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, ამის შემდეგ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

ასევე უკვე 8 ნოემბერს დილის 11 საათზე ძალოვანმა უწყებებმა ბათუმში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტური აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს, მაშინდელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სპეცრაზმი კანონიერად მოქმედებდა.

ამ ფაქტების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში