კარგი იქნება, მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
"ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა, ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა სავარაუდოდ ამის შესახებ არაფერი იცის. ბუნებრივია, საკითხზე რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება რთული იქნება. უბრალოდ კარგი იქნება, მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ერთ-ერთ იუთუბ-არხთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს.
"ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა. ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში", - აცხადებს არესტოვიჩი.