რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

10 ოქტომბერი 2022, 21:19 580 ნახვა

რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ბუქარესტში, “ჰენრი კოანდას” საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

პრეზიდენტს „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ

რუმინეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. მისივე განმარტებით, ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს – ერთობლივ დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

„რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია. Ჩვენ 2019 წელს აღვნიშნეთ ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავი, ხოლო წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამეათე წლისთავს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინელ კოლეგასთან, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან. საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქ კოსტანცას“, – განაცხადა რუმინეთში საქართველოს ელჩმა.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში