ოპოზიცია ქობულეთში კორუფციულ ტენდერებზე საუბრობს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, კომპანიები "მარდი" და ,,უნივერსალი" ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულია და ტენდერებს უპრობლემოდ იგებენ.
ირწმუნებიან, რომ თითქმის ყველა სამუშაო უხარისხოდ შეასრულეს, დისკვალიფიკაციის ნაცვლად კი ახლა მერიის შენობის სახურავის რეაბილიტაციაშია ჩართული.
კომპანიების ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს, ამბობენ, რომ ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანია და ამის შესახებ დასკვნებიც არსებობს.
ქობულეთის მერი კი ნაციონალურ მოძრაობას "განულებულ უსაქმურებს" უწოდებს. ლევან ზოიძე ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ყველა კომპანია, რომელიც ტენდერშია გამარჯვებული და ასრულებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, კონტროლდება და შესაბამის საექსპერტო მონიტორინგს გადის.
რაც შეეხება მერიის ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაციას, მერი ამბობს, რომ იგი ამორტიზებული იყო, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.