ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

06 ოქტომბერი 2022, 13:00 15278 ნახვა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მეცამეტე სართულიდან 40 წლამდე ასაკის კაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებულის ინფორმაციით, გარდაცვლილი კორპუსში ბინას არემონტებდა. უსაფრთხოების ნორმები კი მისივე თქმით, ობიექტზე დაცულია და როგორც ამბობს კორპუსს შემოწმებაც გავლილი აქვს.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ შ.პ.ს. „აისიეი ჯგუფი“ ბათუმში, ანგისის I შესახვევი №14ა/14ბ-ში, უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

მათივე განმარტებით, კიბის უჯრედების გასწვრივ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების დამცავი სახელურები, რითაც დაირღვა კანონი სიმაღლიდან ვარდნის დამცავი მოაჯირების მოწყობასთან მიმართებაში; აგრეთვე ლიფტის შახტები და საკომუნიკაციო ღიობები არ იყო დაფარული სპეციალური ფენილებით.

"გამომდინარე აქედან, სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ, შ.პ.ს. „აისიეი ჯგუფი“-ს მიმართ 2021 წლის 16 დეკემბერს გაიცა მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება. 2021 წლის 28 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, გადამოწმდა ობიექტი და დადგინდა, რომ მითითება შესრულდა, ობიექტზე უსაფრთხოების კუთხით არსებული დარღვევები იყო აღმოფხვრილი. შესაბამისად ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს საქართველოს კანონის 125 მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციი“-ს მიერ 2022 წლის 24 თებერვალს გამოიცა დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე", - აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში