ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისთვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხი პირველივე სხდომაზე განიხილება - რეგულირების სააგენტო

04 ოქტომბერი 2022, 14:42 623 ნახვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით,  ცენტრ „ემპათიას“ მიერ მოწვეულ  უცხო ქვეყნის სპეციალისტებს ექვსი თვის ვადით მიენიჭათ საქართველოში საექიმო საქმიანობის უფლება.

სააგენტოს განმარტებით, ცენტრმა „ემპათიამ“ სააგენტოს მიმართა უცხო ქვეყნის ხუთი სპეციალისტისთვის საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით და პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა ორის შემთხვევაში არ დააკმაყოფილა, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცენტრმა „ემპათიამ“ 2022 წლის 6 ივნისს მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის – ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისთვის, საქართველოში დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა. სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრ „ემპათიას“ მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის სპეციალისტებს – ერიკ გოლდსმიტს სპეციალობაში „ფსიქიატრია“, ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში „სასამართლო მედიცინა“ და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში „ნევროლოგია“, 6 თვის ვადით მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.

რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

2022 წლის 3 ოქტომბერს ცენტრ „ემპათიამ“ ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე.

დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ მსჯელობს პაციენტის ნახვის უფლების გაცემის საკითხზე. სააგენტო, პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს“, – აღნიშნულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი