ბოლო 24 საათში საქართველოს საზღვარი რუსეთის 6109 მოქალაქემ გადმოკვეთა, ხოლო ტერიტორია 5186 პირმა დატოვა - შსს

30 სექტემბერი 2022, 13:25 602 ნახვა

სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ბოლო 24 საათში საქართველოს საზღვარი რუსეთის 6109 მოქალაქემ გადმოკვეთა, ხოლო ტერიტორია 5186 პირმა დატოვა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებ მონაცემებს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიულად აქვეყნებს.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე.

ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მგზავრთა ნაკადის სტატისტიკის გამოქვეყნებას და საზოგადოების ინფორმირებას“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი