ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ გადაწყვეტილება მოკვლევის საფუძველზე მიიღო. ასევე აღნიშნა, რომ სკოლაში მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა გაგრძელდება.
"სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტალურად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს, ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა, მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას", - აცხადებს მაია ხაჯიშვილი.
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თავდაპირველი ინფორმაციით მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია, რის გამოც, მას საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინეს. შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის კედელზე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად განთავსებული იყო აფხაზეთის დროშაც, რომელიც ამავე მოსწავლის თანაკლასელებმა ჩამოხიეს.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, სკოლამ ერთ-ერთ სტამბას დაუკვეთა დროშების სტენდის დაბეჭდვა და სავარაუდოდ აფხაზეთის დროშა, სხვა დროშებთან ერთად შეცდომით აღმოჩნდა. ასევე აცხადებენ, რომ მოსწავლეს სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის შენიშვნა მიეცა.