11 სექტემბრის ტერაქტიდან 21 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. ეს იყო მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტი. შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. მათგან 246 ადამიანი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრი იყო; 2 606 - ცათამბჯენებში დაიღუპა. 110 სართულიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები 2 საათზე ნაკლებ დროში განადგურდა. ერთი თვითმფრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას, სადაც 125 ადამიანი მოკლეს. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა. ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია. 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს პაკისტანში ალ ქაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.