რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.
როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, ისინი ელოდებიან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სწრაფად დაუჭერენ მხარს ინიციატივას, რომელიც გასულ კვირას, პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სხდომაზე წარადგინეს.
ევროკომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება შეჩერდება. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადის შევსებისას მოსაკრებელი 35-ის ნაცვლად 80 ევრო იქნება. ვიზების გაცემის სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გახანგრძლივდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 45 დღესაც კი შეადგენს. ასევე, შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემა. რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მისაღებად გაცილებით მეტი დოკუმენტაციის წარდგენა მოუხდებათ. ამასთან, გამონაკლისით ისარგებლებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ნათესავები ჰყავთ. ასევე ჟურნალისტები, დისიდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ევროკომისია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული პასპორტები.