მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030 - ირაკლი ღარიბაშვილი

05 სექტემბერი 2022, 14:24 714 ნახვა

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის "ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030“, დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

"მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, თვალსაზრისით ვითარება. ჩვენ ახლა ახალი დოკუმენტი მოვამზადეთ, გავლილია ყველა აქტორთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია, რომელსაც დღეს მთავრობა მოიწონებს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი