ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება - სუსი

19 აგვისტო 2022, 17:33 660 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა.

"ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი