უკრაინელი ლტოლვილების უდიდეს ნაწილს შესაბამისი დახმარებები უკვე დაერიცხათ, პოლიტიკოსებმა პროვოკაციებს თავი დაანებონ - ჯანდაცვის მინისტრი

01 აგვისტო 2022, 15:16 952 ნახვა

უკრაინელი ლტოლვილებისთვის და მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს 300 ლარით ეხმარება და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ლტოლვილების დიდი ნაწილი სასტუმროებში აღარ იმყოფება, თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა რაიონში ბინები იქირაონ.

"მოგეხსენებათ, ივლისში მთავრობის დადგენილება გამოიცა და მარტიდან სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის და მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით. მოკლედ მსურს განვმარტო, თუ საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკაა დღეისათვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს.

ახლა სასტუმროების დიდი ნაწილიდან ლტოლვილები უკვე გამოვიდნენ. უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხათ დახმარება. დევნილთა სააგენტოს თანამშრომლები დადიოდნენ 3 კვირის განმავლობაში ამ 40 სასტუმროში და ყველა იმ დევნილს, რომელიც აღრიცხეს და შესაბამისი განაცხადები შეავსეს, ბანკთან შეთანხმებით გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ ყველას შესაბამისი დახმარებები. სპეკულაციაა, თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს და ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონებში. ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში