ღია სივრცეში გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე 200 ადამიანზე მეტი არ დაიშვება

14 ივლისი 2020, 16:30 901 ნახვა

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები გახდა. ნებადართულია გარეთ თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების გამართვა, თუმცა ღონისძიებებზე არაუმეტეს 200 ადამიანი დაიშვება. ყველაფერი ეს კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს.

ამ ეტაპზე, ქორწილის, იუბილისა და ქელეხის ჩატარება დახურულ სივრცეში ისევ არ არის რეკომენდებული. ამის შესახებ იმნაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ სიტუაციებში მოქალაქეები დისტანციას ვერ დაიცავენ.

„ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, ხომ? კონცერტი შეიძლება ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის და ამიტომ როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ამიტომ, ჯერჯერობით ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ დიდი ზომის ასეთი ღონისძებები არ არის რეკომენდებული“, - განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად:

▶ ღია სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების დროს ტერიტორია წინასწარ უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს.

▶ უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა.

▶ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს დამცავი ბარიერები.

▶ მაყურებელთა სივრცისგან სპეციალური დამცავი ბარიერით, უსაფრთხო მანძილის მითითებით უნდა იქნას გამოყოფილი სცენა.

▶ სასცენო აპარატურა და მიკროფონები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე ღონისძიების შემდეგ.

ფესტივალ "Summer Set" ორგანიზატორი მირანდა ესაკია აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ მათთვის ეს რეგულაციები მეორეხარისხოვანია, რადგან წელს როგორც მათი, ასევე სხვა დიდი ფესტივალები, ტურისტების ჩამოსვლის მხრივ არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, გადაიდო.

"მუსიკალური ფესტივალი "Summer Set" ივლისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ჩვენ ღონისძიებები როგორც ივლისში, ასევე ოქტომბერში გავაუქმეთ. აქტივობები 2021 წლამდე გადადებულია. თუ საზღვრები არ გაიხსნა და როგორც არტისტები, ისე ტურისტები კონცერტებზე ვერ ჩამოვიდნენ, მათ ჩატარებას აზრი არ აქვს. ჩვენ მხოლოდ ქართველ აუდიტორიაზე არ ვმუშაობთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარი. რადგან ამ ქვეყნებში ცუდი ეპიდსიტუაციაა და სახელმწიფო საზღვრების გახსნას არ ჩქარობს, ჩვენც არ გავრისკეთ და ღონისძიებები გავაუქმეთ"-განაცხადა ფესტივალ "Summer SeT" ორგანიზატორმა მირანდა ესაკიამ.

ამ ეტაპზე არ გაუქმებულა მუსიკისა და ხელოვნების ცნობილი საერთაშორისო ფესტივალი "Wanderland"-ი. ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე ფესტივალის ჩატარების ან გადადების თაობაზე გადაწყვეტილებას აგვისტოს დასაწყისში მიიღებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში