საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აჭარაში იმყოფება 

14 ივლისი 2020, 11:59 2695 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ ამერიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი და სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნეს გარემოს,  რეგიონის ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ შედეგზე.

''ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ეს ჩემი პირველი ვიზიტია აჭარაში. მოხარული ვარ, რომ მომეცა თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა გვესაუბრა როგორც COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებზე და ეკონომიკური რეაბილიტაციის გზებზე, ასევე იმ პოზიტიურ და ამბიციურ გეგმებზე, რაც საქართველოსთან, კერძოდ კი აჭარასთან მიმართებაში გვაქვს დასახული. 

ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაგეგმილი აჭარის რეგიონთან მიმართებაში. მადლობას მოვახსენებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ მხარდაჭერისთვის. სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკული ხომალდის ,,პორტერის“ ვიზიტი ბათუმში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის უპირობო მხარდაჭერას და თანამშრომლობას სამხედრო და საზღვაო მიმართულებით. 

მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველო-აშშ თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე საქართველოსა და ნატო-ს კავშირების გაძლიერების კუთხით. ვამაყობთ ბათუმის ბიბლიოთეკაში მოქმედი ამერიკული კუთხით. მადლიერები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერისათვის, რომელიც უნიკალურ პლატფორმას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას გაგვაცნონ ინოვაციური იდეები. ამერიკული კუთხე წარმოადგენს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის კავშირების გაღრმავების კიდევ ერთ საშუალებას'' - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში